"დემოკრატიაზე უარის თქმა"- ასე ეხმაურებიან არასამთავრობო სექტორის წევრები და კონსტიტუციონალისტები პატრიარქის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უწმინდესსა და უნეტარესს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა მიენიჭოს.
არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ინიციატივა ქვეყნის ფუნდამენტურ საკითხებთან მოდის წინააღმდეგობაში, ეს იქნება დარტყმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, რადგან პრეზიდენტის უფლებაა, შეიწყალოს პატიმრები.
კონსტიტუციონალისტებს კი მიაჩნიათ, რომ, თუ კონსტიტუციაში შევა ეს ცვლილება, საქართველო ვეღარ იქნება სეკულარული სახელმწიფო, რაც ქვეყნის ფუნდამენტს შეარყევს.
გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ ამ ცვლილების შეტანა საქართველოს საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებასთან დაცილებას გამოიწვევს.
კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება განხორციელდება, ეს იქნება დემოკრატიაზე უარის თქმა.