მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აქცია დედაქალაქში. მანქანების მფლობელებმა სანაპიროზე უწყვეტი ჯაჭვი გააკეთეს და ამ სახით ხელისუფლებისგან პროექტში ცვლილებების განხორციელება მოითხოვეს.
მძღოლების განცხადებით, დღევანდელ აქციას მხოლოდ გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს და თუკი საკითხი არ გადაიხედება ისინი კანონის ფარგლებში რადიკალურ ზომებს მიმართავენ.
აქციაში სატრანსპორტო სფეროზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობენ, რომლების კანონის მიღების შემთხვევაში მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
„ეს არის მათი უფლება, მათი არჩევანი ჰყავდეთ მარჯვენასაჭიანი მანქანა და მათ ამ უფლებას ვერავინ შეუზღუდავს. თუ შეუზღუდავს არსებობს შესაბამისი სასამართლო, სადაც ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და აუცილებლად მოვიგებთ ამ პროცესს. დღეს კი ვმართავთ გამაფრთხილებელ აქციას და ამით მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის წევრმა ვასილ ურუშაძემ.
აქცია 2 საათი გრძელდებოდა და ამ წუთებში უკვე დასრულებულია.