20 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
თვალის ფერით ამოცნობილი დამნაშავე - გორში ბანკის ძარცვის საქმე გაიხსნა

მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, VTB ბანკის ადგილობრივ ფილიალში პიროვნებამ, რომელსაც კეპი ეხურა და სახეზე სამედიცინო პირბადე ჰქონდა აფარებული, იარაღის მუქარით ბანკიდან 4 865 ლარი, 800 დოლარი და 200 ევრო გაიტაცა. ყაჩაღმა შემთხვევის ადგილი ბანკთან გაჩერებული ტაქსით დატოვა, შემდეგ ერთ-ერთ ქუჩაზე სხვა ტაქსიში გადაჯდა და ისე გაუჩინარდა, რომ სამართალდამცავებმა მის კვალს ვეღარსად მიაგნეს.

ყაჩაღობიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ, ანუ 4 ოქტომბერს ბაზარში პროდუქტის შესაძენად წასულმა ბანკის თანამშრომელმა მაკა აღდგომელაშვილმა ბაზარში უცხო პირი მძარცველს მიამსგავსა და პოლიციას აცნობა.

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული, გორის ნომერ მეხუთე სამხედრო ბრიგადის საცხებ-საპოხი მასალების საწყობის გამგე, 1973 წელს დაბადებული ორი შვილის მამა ზაქარია აბუაშვილი აღმოჩნდა. აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და აგვისტოს ომების ვეტერანს, ერაყში ნაბრძოლ სამხედროს, რომელსაც მამაცობისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წლიანი სამსახურისთვის ჯილდოები აქვს მიღებული, ბორკილები მხოლოდ იმის გამო დაადეს, რომ ის ყაჩაღს თვალების ფერითა და მიხვრა-მოხვრით მიამსგავსეს.

ექსპერტების მიერ გაცემული ორი დასკვნის თანახმად - დაქტილოსკოპიამ ბანკსა და ავტომობილებში დატოვებულ კვალში ზაქარია აბუაშვილის თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინა.

ამ ეტაპზე გამოძიებას მხოლოდ მოწმის ჩვენება და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა რჩება. ზაქარია აბუაშვილის საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში 25 დეკემბერს განახლდება.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეჭვმიტანილი უდანაშაულოა და პროკურატურას პოზიციების დათმობა ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

დღის ამბები