ჟინვალიდან კობის მიმართულებით ათობით ავტომობილი მოძრაობას ვერ ახერხებს. მიზეზი ცალმხრივი მოძრაობაა, რომელიც გზების დეპარტამენტმა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დააწესა.
ე.წ. ტრაილერების მძღოლები ამბობენ, რომ მათ ტრანზიტული ტვირთი გადააქვთ და ნაწილი პროდუქტის მალფუჭებადია. გარდა ამისა სატვირთო ავტომობილების მძღოლები ამბობენ, რომ საწვავიც უთავდებათ.
რაც შეეხება კობიდან ჟინვალის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აქ როგორც მსუბუქი ასევე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება დასაშვებია.
მძღოლები ამბობენ, რომ უკვე მესამე დღეა გაჩერებულები არიან და ინფორმაციას არავინ აწვდის თუ როდის მოახერხებენ გზის გაგრძელებას.
გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გუდაური-კობის მიმართულებით მოძრაობის შეფერხება უღელტეხილის გეოგრაფიულმა არეალმა გამოიწვია, სადაც მძიმე კლიმატური პირობებია.
გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში ჟინვალიდან კობის მიმართულებით გზა გაიხსნება და სატვირთო ავტომობილების მძღოლები გზის გაგრძელებას შეძლებენ.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა