თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი მერიის წინააღმდეგ. ნინო გოცაძე ნარმანიას მაღალჩინოსნებს ზეწოლაში ადანაშაულებს.
ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი დედაქალაქის მთავრობამ თანამდებობიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტებებისა და შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის გარეშე გადააყენა. თუმცა, გოცაძე ვარაუდობს, რომ მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი თბილისის მთავრობის ის გეგმებია, რომლებიც ბოტანიკური ბაღის შემდგომ განვითარებას უკავშირდება.
ნინო გოცაძის განცხადებით, ქალაქის მთავრობა ბოტანიკური ბაღის ტურისტულ ზონად განვითარებას გეგმავს, რაც სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე დაცულ ტერიტორიას საფრთხეს შეუქმნის.
ყოფილი დირექტორის თმით, აქ გასართობი და რეკრეაციული დანიშნულების მქონე ინფრასტრუქტურული შენობების აშენებაც იგეგმება.
ნინო გოცაძე ამბობს, რომ მერიის გეგმების შესახებ მან გამწვანების სამსახურის თანამშრომლისგან ცოტა ხნის წინ შეიტყო.
მერის მოადგილემ დღეს ბრალდება უარყო. ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ქალაქის მთავრობის გეგმები ბოტანიკურ ბაღს საფრთხეს არ შეუქმნის და მას მეცნიერულ დონეზე განავითარებს. ნინო გოცაძე კი, მისი თქმით, პოსტიდან მენეჯმენტში არსებული პრობლემების გამო მოხსნეს.
ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი, რომელიც ქალაქის მერმა ამ თაბამდებობაზე წელიწადნახევრის წინ დანიშნა, სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
ავტორი ქეთი ნადიბაიძე