რამდენიმესაათიანი გასაუბრების შემდეგ რუსთავი 2-ის თანამშრომელმა კახა კუბლაშვილმა შსს-ს შენობა დატოვა. უწყებაში განმარტავენ, რომ ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორის მძღოლი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გასაუბრებაზე დაიბარეს იმისათვის, რომ დამატებითი დეტალები გაერკვიათ.
ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ფაქტზე ჯერჯერობით გამოძიება არ არის დაწყებული და დღეს მხოლოდ გასაუბრება შედგა. საძაგლიშვილი განმარტავს, რომ გასაუბრებამ მშვიდ ვითარებაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაიარა.
„პირები, ვინც ჩვენ შეგვხვდნენ მოტივირებულები არიან, რომ ამ ფაქტზე სიმართლე დადგინდეს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილებას პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს, რომელიც რუსთავი 2-ის თანამშრომლების გადაბირებისთვის დაკვეთებს იძლევა, შესაბამისად, არანაირი იმედი არ გვაქვს, რომ ამ საქმეზე შედეგი დადგეს,“- განაცხადა დიმიტრი საძაგლშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია რუსთავი 2-ის მიერ 8 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენლები კახა კუბლაშვილის გადაბირებას ცდილობდნენ. ისინი კუბლაშვილის ხელფასითაც დაინტერესდნენ და თანხმობის შემთხვევაში, პირობების გაუმჯობესებასაც დაჰპირდნენ.