თბილისის მერია საახალწლო კონცერტისთვის მილიონ 200 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს ტენდერის პირობების თანახმად, 31 დეკემბრის საღამოსთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა მილიონ 200 ათას ლარამდე დაჯდება.
თითქმის, მილიონ 200 ათასი ლარის დახარჯვაზე მერიამ ტენდერი 3 დღის წინ გამოაცხადა, ეს თანხა, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლის თაობის ინფორმაციით, საახალწლო კონცერტისთვის უნდა დაიხარჯოს.
იგივე მომსახურებისთვის ნარმანიას უწყებამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ერთი ტენდერი უკვე ჩაატარა და 700 ათასი ლარის მომსახურებაზე ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიებს გაუფორმა, ამ დრომდე უცნობია რაში დასჭირდა მერიას კიდევ ერთი ტენდერის ჩატარება საზეიმო ღონისძიებებისთვის.
თბილისის მერიას საახალწლო და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრების ინფორმაციით, კიდევ ერთი მილიონ 200 ათასი ლარი აქვს დასახარჯი, თანხა რამდენიმე დღის წინ თბილისის ბიუჯეტს პრემიერმინისტრის ბრძანებულებით გამოეყო.
დედაქალაქის ხელმძღვანელობას ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტებები, რაში აპირებს ამავე რაოდენობის თანხის დახარჯვას, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყო.
ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, დავით ცინცაძე.