საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე თანამშრომლების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.
ორგანიზაციებს შტატგარეშედ თანამშრომლების აყვანის უფლებას გამონაკლისის სახით მთავრობის დადგენილებები აძლევს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროცესი ბუნდოვანია და ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას დაუსაბუთებლად აიყვანონ ისეთი ადამიანები, რომელთა მუშაობაც სინამდვილეში საჭირო არ არის.
კვლევის მიხედვით, საშტატო თანამშრომლების რაოდენობასთან შედარებით ყველაზე მეტი არასაშტატო თანამშრომელი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრშია. ცენტრში ამ მონაცემებს მუშაობის სპეციფიკით ხსნიან.
კვლევის მიხედვით, შტატგარეშე თანამშრომლები განათლების სამინისტროს სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებშიც გადაჭარბებულია. შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობით სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი ორგანიზაციებიც გამოირჩევიან.
მიუხედავად იმისა, რომ უშტატოდ თანამშრომლების აყვანა მთავრობამ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა დაუშვას, კვლევის მიხედვით, ასეთი ნებართვა მთავრობამ 3 წლის განმავლობაში 170-ჯერ გასცა.
ავტორები: თეონა ცხომელიძე, ზვიად იგრიაშვილი.