რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლიურ ანგარიშს აქვეყნებს. საუბარია კონკრეტულ დარღვევებზეც, რაც საია-ს განმარტებით, 2015 წლის განმავლობაში გამოვლინდა.
ანგარიშში მოხვდა რუსთავი 2-ის საქმეც. როგორც საია-ს თავმჯდომარემ განმარტა, არასამთავრობო ორგანიზაცია შეეცადა, ამ დავასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოხვედრილიყო მათ ანგარიშში, მათ შორის იმ ეჭვებზე, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში არსებობდა და ასევე იმ ეჭვებზე, რომ პროკურატურა მასზე ზემოქმედებას ახდენდა.
"კრიტიკული და პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებას 2015 წელს დაემუქრა ძალიან დიდი საფრთხე. ამ საფრთხის მთავარი ელემენტი იყო ის მთელი ის პროცესი, რაც თან ახლდა რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებულ დავას," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ასევე ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანი გამოწვევები დაფიქსირდა ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის მიმართულებით. საია-ს თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მიღწევა, როგორიც არის, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო. მისივე განმარტებით, ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არაფორმალური მმართველობის გავლენა და სეკულარიზმის პრინციპის არასათანადო პატივისცემა.
ორგანიზაცია მწვავე თემებს შორის გამოყოფს სამართალდამცველთა მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ასეთ ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირებას, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტებს.