მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დისციპლინარული საკითხი დღის წესრიგში შესაძლოა იმ შემთხვევაში დადგეს, თუ მის მიერ დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება დადასტურდება.
რუსთავი 2–ის საქმის მოსამართლეს, ტელეკომპანიის იურისტები კიდევ ერთ კანონდარღვევაში ადანაშაულებენ.
ადვოკატები აცხადებენ, რომ საჩივარი, რომლითაც იურისტები ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღებას ასაჩივრებდნენ, ურთმელიძეს სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არ გადაუგზავნია. საჩივრის გაგზავნის კანონით დადგენილი ვადა კი ერთი თვის წინ ამოიწურა.
ტელეკომპანია საქართველოს და რუსთავი 2–ის იურისტები აცხადებენ, რომ მოსამართლე ურთმელიძის მიერ, ვადების დარღვების გამო, ჭიანურდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შესაძლოა TV საქართველოს ყადაღა მოეხსნას. ეს კი მოწილეებს იმ დოკუმენტის გაფორმების საშუალებას მისცემს, რომელიც ურთმელიძის განჩინების საფუძველზე შეჩერდა.
ამ ხელშეკრულების მიხედვით ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისების გარდა, რუსთავი 2–ში 6 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებაც იგეგმებოდა. დღეის მონაცემებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, ტელეკომპანიას დეკემბრის ბოლომდე ჯამში 3 მილიონი დოლარის ტრანში უნდა მიეღო.
ოფიციალური განმარტება, საქალაქო სასამართლოში არ კეთდება. სასამართლოს პრესსამსახურში ამტკიცებენ, რომ ყველა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შესაბამის ვადებში გაიგზავნა, თუმცა ინფორმაციის რამდენჯერმე გადამოწმების მიუხედავად, ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღების მოხსნის საჩივარი, სააპელაციო სასამართლოში არ აღმოჩნდა. რუსთავი 2–ის იურისტები ეჭვობენ, რომ მოსამართლე ურთმელიძე, რომელიც ტელეკომპანიის საქმეს უპრეცენდენტოდ მოკლე ვადებში განიხილავდა, ახლა სააპელაციოში საქმის გადაგზავნას მიზანმიმართულად აჭიანურებს.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი