ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ადგილობრივების აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კომპანია ესტეესი, რომელიც სოფლის გაზიფიკაციას ახორციელებს, სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებს და სოფლის გზებს აზიანებს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კომპანიას მილები არსებული ნორმების დარღვევით მიწისქვეშ გაყავს, გადათხრილ გზას კი ხელუხლებელს ტოვებს, რის გამოც სოფლის გზებზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა.
ადგილობრივებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის დღეს საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა აქციის მონაწილეებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლს ნატანებში, ილია თავაძესაც, მიაყენეს.
სოფელ ნატანებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კომპანია ესტეესის წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ მიმდინარე სამუშაოების დროს დაზიანებული გზის აღდგენა და შეკეთება წლის ბოლომდე მოხდება.