ბოტანიკური ბაღის მიმართ ახალი გეგმების შესახებ ყოფილმა დირექტორმა მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომლისგან შეიტყო.
ნინო გოცაძის თქმით, მერიას ბაღის ტურისტულ ზონად გადაქცევა სურს, რაც გასართობი და რეკრეაციული ინფრასტრუქტურული ნაგებობების აშენებასაც გულისხმობს.
ყოფილი დირექტორი ამგვარ განვითარებას სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე დაცული ტერიტორიისთვის საფრთხედ მიიჩნევს. სწორედ მერიასთან ინტერესების შეუთავსებლობას უკავშირებს ნინო გოცაძე მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას.
მერის მოადგილე, რომლის გადაწყვეტილებითაც ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი გათავისუფლდა, ირაკლი ლექვინაძეა. ის ნინო გოცაძემ ზეწოლაშიც დაადანაშაულა.
ირაკლი ლექვინაძემ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მერიის ახალი გეგმები ბაღის სამეცნიერო დანიშნულებას კიდევ უფრო განავითარებს.
თბილისის ხელმძღვანელობის გეგმები ცნობილია ბოტანიკური ბაღის ახალი დირექტორისთვისაც.
თანამდებობაზე ბათუმის ბოტანიკური ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი, თამაზ დარჩიძე, დაინიშნა.
ოპოზიცია სწორედ თამაზ დარჩიძეს უკავშირებს ბათუმში ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთებისა და შენობების შეძენის სურვილი ყოფილმა პრემიერმა გამოთქვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბოტანიკური ბაღი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ტერიტორიის საკუთარ რეზიდენციასთან მიერთება სურს.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი