მიიღებს თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციას რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მანამდე კი პოსტსკრიპტუმი ქუჩაში გავიდა და მოქალაქეების პოზიციით დაინტერესდა. საზოგადოების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის მომხრეა და სურთ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს.
ბოლო პერიოდში რამდენიმე კვლევა ჩატარდა, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეძღვნებოდა. ერთ-ერთი ასეთი კვლევა მხოლოდ ახალგაზრდებში ჩატარდა და გაირკვა, რომ გამოკითხულ 1086 ახალგაზრდიდან ეროპასთან ინტეგრაცია მხოლოდ დაახლოებით 10 პროცენტს არ უნდა. გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი კი ფიქრობს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა უნდა გახდეს, მათ ნაწილს კი მიაჩნია, რომ საქართველო კი არ უნდა გახდეს, არამედ უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში.
ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი კომპონენტია ასოცირების ხელშეკრულებისა, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ერთი წლის წინ გააფორმა. თუმცა როგორც ჩანს მოსახლეობას სხვა სიკეთეების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. მოქალაქეები მათ შორის ახალგაზრდები დამატებით ინფორმაციას, როგორც მთავრობისგან ასევე ევროპული სტრუქტურებისგან საჭიროებენ.
ამავე კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ-სოციალური ვითარების შესახებ ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს. გამოკითხულ მოქალაქეთა 85.5 პროცენტი ამბობს, რომ ევროკავშირის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2-დან იღებს, შემდეგი არის ტელეკომპანია იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ანუ პირველი არხი.
ავტორი: თეა ადეიშვილი.