ასაფეთქებელი საშუალება სიმინდის ბურბუშელას მწარმოებელი ერთ–ერთი კომპანიის საახალწლო საჩუქარია.
პიროტექნიკა ტკბილეულის შეფუთვაში 4 წლის ბავშვმა იპოვა და ბურბუშელასთან ერთად გადაყლაპა. ნივთიერება არ აფეთქებულა, თუმცა მცირეწლოვანს ექიმების დახმარებს დასჭირდა.
ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ ტკბილეულს შეფუთვაზე შესაბამისი მითითება არ ჰქონდა.
ნივთიერებას, რომელიც ტკბილეულის შეფუთვაში იდო, ასაფეთქებლად ცეცხლი არ სჭირდება, ის მყარ ზედაპირზე დაცემის შედეგად სკდება. იაშვილის კლინიკის ექიმები, რომლებმაც მცირეწლოვანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, აცხადებენ, რომ ამოქმედების შემთხვევაში ნივთიერებას, ბავშვის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების მიყენება შეეძლო.
ბურბუშელას მწარმოებელ კომპანიას ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს. შეფუთვაზე მითითებულ ნომერზე ბავშვის მშობლებმა დღეს დარეკეს და ახსნა-განმარტებები მოითხოვეს. განმარტება კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კურიერთანაც გააკეთა. ის აცხადებს, რომ მათი საახალწლო საჩუქარი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, თუმცა ასაფეთქებელი ნივთიერების შეფუთვაზე არსებულ ქართულენოვან ინსტრუქციაში წერია, რომ ის მცირეწლოვანებს უნდა მოვარიდოთ.
ავტორები: ქეთი ნადიბაიძე.