პატიმარს, რომელიც სასჯელს სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების სამარტოო საკანში უკვე თითქმის ორი წელია იხდის, ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნაში ცალკე ადგილი დაეთმო. ევროკომისრებმა მსჯავრდებული, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, ერთი წლის წინ მოინახულეს.
ანგარიშის მიხედვით, მწვავე ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. კომისიის წევრებმა საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივი რეაგირება და პატიმრის სტაციონარში გადაყვანა მოსთხოვეს, თუმცა პრობლემა ერთი წლის შემდეგაც მოუგვარებელია. მიზეზად სასჯელაღსრულების სამინისტროს მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები კანონმდებლობის ხარვეზებს ასახელებენ.
სახალხო დამცველის ოფისში ამბობენ, რომ ამ საკითხს უკვე ერთი წელია სწავლობენ, თუმცა გამოსავალს ჯერ ვერც ისინი პოულობენ და მიზეზად ასევე კანონმდებლობას ასახელებენ.
კანონმდებლობაში გამოსავალი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იპოვა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების კოდექსში არის მუხლი, რომელიც უწყებას შესაძლებლობას აძლევს ნებართვის გარეშეც არანებაყოფლობითი ფსიქიკური დახმარება აღმოუჩინოს პატიმარს და ექსპერტიზა ჩაუტაროს.
ავტორები: ეკა გაგუა, ზურა მანაგაძე.