20 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
გატაცებული არასრულწლოვანი - 17 წლის გოგონას გამოჩენას ოჯახი მე-3 დღეა ელოდება

უკვე მესამე დღეა ოჯახის წევრები 17 წლის გოგონას გამოჩენას ელოდებიან. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მარნეულის რაიონის სოფელ თაზაქენდიდან სამმა ახალგაზრდამ გაიტაცა.

გატაცებულის მამა ამბობს, რომ ზუსტად იცის თუ ვინ წაიყვანა ძალის გამოყენებით მისი შვილი. მამედ ნაგიევის მტკიცებით, ის პიროვნება ნოვრუზ ბაირამოვია, მას ამ დროისთვის პოლიცია ეძებს. თავად ნოვრუზ ბაირამოვის ოჯახის წევრები და ახლობლები არ მალავენ, რომ არასრულწლოვანი გოგო მათმა ოჯახის წევრმა დაქორწინების მიზნით გაიტაცა. ისინი ამტკიცებენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და 17 წლის გოგოს მოტაცებაში დანაშაულს ვერ ხედავენ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის არასრულწლოვანის გამტაცებლის ვინაობა ცნობილია, მისი დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული.

სახალხო დამცველის ოფისში კი აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიცია არასრულწლოვნების მოტაცების საქმეს ოჯახის შექმნის მიზნით სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

ავტორები: დავით კაკულია, ლაშა მუმლაძე, ეკა ბუცხრიკიძე.

 

დღის ამბები