ორი კილოგრამი ჰეროინის საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე. დღეს მან ჟურნალისტებს ორი აუდიოჩანაწერი წარუდგინა.
მისი თქმით ერთ ჩანაწერში საუბარია ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, თამაზ ბოჭორიშვილის შესახებ და მეორეში სავარაუდოდ მკვლელობის შეკვეთაზე.
კილაძის თქმით, არც ერთი ჩანაწერი, არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში არ დევს.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამ ჩანაწერებით.
„პირველ ჩანაწერში საუბარია დანაშაულის დეტალებზე, რომ უნდა ჩაატარონ ჩხრეკა. მეორე ჩანაწერი, ჩემი აზრით, არის უფრო მძიმე, იმიტომ რომ აქაც საუბარია კონკრეტულ დეტალებზე, რომ საქმეში ძალიან გაიჭედნენ. ჩანაწერში ისმის ფრაზები: ის ერთი ხომ შევუკვეთეთ და ეხლა უნდა შევუკვეთოთ მეორე და დასახელებულია სახელი ერეკლე. თუ ვივარაუდებთ, რომ ის უკვეთავს რომელიმე მაღალჩინოსანს, სავარაუდოდ ეს შეიძლება იყოს სოდის მაშინდელი უფროსი ერეკლე კოდუა, თუმცა მე ამას დაჟინებით არ ვამტკიცებ,“ - აცხადებს ელისო კილაძე.