ამ დრომდე მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო სექტორის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც ფარული მოსმენების შესახებ კანონს ეხება. მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნა სხდომის დახურვის შესახებ და მოსმენის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს გადაიდო.
ამ წუთებში მოსამართლე უსმენს თამარ ქალდანს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საუბრობს იმაზე, თუ როგორ ახორციელებს ზედამხედველობას ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან როგორც ცნობილია, კანონის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის პარალელურად, ე.წ. ერთი გასაღები გააჩნია ქალდანის უწყებას.
„ექსპერტი და სპეციალისტი ჩემი სახით ამ ეტაპზე მონაწილეობს სხდომაში იმისთვის, რომ საკონსტიტუციომ ჩვენგან მოისმინოს გარკვეული ინფორმაცია,“ - აცხადებს თამარ ქალდანი.
სასამართლო სავარაუდოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში ხვალ გაგრძელდება და დასკვნით სიტყვასაც მოსამართლე ხვალ გამოაქვეყნებს.