ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57 პროცენტი ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს მიიჩნევს. რესპონდენტს კითხვაზე რომელი ეროვნული საკითხია მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაქსიმუმ სამი პასუხის დაფიქსირება შეეძლო.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29 პროცენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია სიღარიბე, ასევე 29 პროცენტისთვის - ტერიტორიული მთლიანობა. პენსიები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად 28 პროცენტს მიაჩნია, ხოლო ფასების ზრდა და ინფლაცია 26 პროცენტს.
კვლევის თანახმად, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება გამოკითხულთა 20 პროცენტისთვისაა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68 პროცენტი თავს დაუსაქმებლად, 32 კი დასაქმებულად მიიჩნევს.