ნინო ახალაძე აცხადებს, რომ მისი 10 წლის შვილი ქვეყნიდან ჩუმად, მისი ნებართვის გარეშე გაიყვანეს. ნინო 2011 წლიდან ნიცაში ქმართან, ბექა ძაგანიასთან ერთად ცხოვრობდა. საქართველოში შვილთან ერთად აგვისტოში ჩამოვიდა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა.
ქმრის მშობლებთან, მორიგი სტუმრობის შემდეგ ბავშვი, სახლში აღარ დაბრუნებულა. ნინო ახალაძემ ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის ამბავი სწორედ ამ დროს გაიგო. დედა დარწმუნებულია, რომ მის ქმარს არასრულწლოვანის ჩუმად გაყვანაში მისი ოჯახის წევრები დაეხმარნენ.
ბექა ძაგანიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვი მამასთან საკუთარი სურვილით წავიდა.
ბავშვის ბიძა მემარცხენე ალიანსის ლიდერი კახა ძაგანია უარყოფს, რომ არასრულწლოვანი ძმიშვილის ქვეყნიდან გაყვანის საქმეში მონაწილეობდა.
ნინო ახალაძემ კახა ძაგანიას მეუღლისა და ბექა ძაგანიას მიმოწერაც გაასაჯაროა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 10 წლის ბავშვის ქვეყნიდან გაყვანაში მამას მისი ოჯახის წევრები დაეხმარნენ.
მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე არ მიმდინარეობს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, მესაზღვრეს სამართლებრივი ნორმა არ დაურღვევია, რადგან ბავშვს საზღვარზე სრულწლოვანი მეურვე ახლდა. არასრულწლოვანის საქმეს უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ავტორები: დავით ქაშიაშვილი.