საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს გიორგი გოგაძეს ბრალის დაფარვაში ადანაშაულებს და ითხოვს შეუჩერდეს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.
ელისაშვილი ასევე ითხოვს ვიცე-სპიკერის უფლებამოსილება შეუჩერდეს კობახიძეს, ბესელიას კი საპროკურორო საბჭოს წევრობა
“სანამ ბოლომდე არ გაანადგურებენ მტკიცებულებებს ამის ლოდინს არ ვაპირებ და მივმართავ პარლამენტს, რომ შეიქმნას რეგლამენტის და კონსტიტუციის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელთანაც ვითანამშრომლებ. ეკა ბესელიამ მე რაც არ უნდა დამწამოს, მე მას დავუმტკიცებ იმას, რასაც ვეუბნები. დღეს არ მოხერხდება ეს და ჩაფარცხავს ხელისუფლება, მაშინ მალე იქნება არჩევნები, შეიცვლება ხელისუფლება და შემდეგ იქნება,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით კი, ის აპირებს სამართლებრივ დავას სამივე ინსტანციის სასამართლოში საქართველოში და მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
„ვთვლი, რომ ყველა ცნობა, რომელიც მე გამოვაქვეყნე, ნარკობარონების მფარველების წინააღმდეგ, იყო სწორი,“ - აცხადებს ელისო კილაძე.
კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის ადვოკატმაც, რომელიც აცხადებს, რომ უნდა ჩატარდეს საგამოძიებო პროცედურები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ალეკო ელისაშვილი უმრავლესობის წევრებს ზეწოლასა და ნარკორეალიზატორებთან კორუფციულ გარიგაბაში ღიად ადანაშაულებს.