20 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
რუსთავის I საჯარო სკოლის დირექტორს ფულის გამოძალვაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

რუსთავის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილი და მშობლები განათლების სამინისტროს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვენ. სკოლის ხელმძღვანელს ფულის გამოძალვაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

მასწავლებლების განცხადებით, საეკლესიო სანთლებისა და დისკების გაყიდვას მათ დირექტორი აიძულებდა. საეკლესიო ნივთები ერთადერთი არ ყოფილა, რის ყიდვასაც რუსთავის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ითხოვდა.

მშობლები და პედაგოგები ამბობენ, რომ დირექტორი თანხას მშობლებს საკლასო ოთახების გათბობის მიზნითაც ართმევდა.

მშობლებისა და მასწავლებლების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს დირექტორი ცილისწამებას უწოდებს და მათ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. რუსთავის პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მხოლოდ სანთლების გაყიდვის ფაქტს ადასტურებს.

სკოლაში არსებულ ვითარებას აუდიტის სამსახური სწავლობს, თუმცა განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლაში უჩვეულო არაფერი ხდება.

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, თამაზ თხილიშვილი, ნათია გოგსაძე, ნათია ბუცხრიკიძე.

 

დღის ამბები