20 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
პატარკაციშვილების მფლობელობაში მყოფ ფირმებს და ვანო ჩხარტიშვილს შორის სამოქალაქო დავა დასრულდა

პატარკაციშვილების მფლობელობაში მყოფ ფირმებს და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს შორის ლონდონში სამოქალაქო დავა დასრულდა. ვანო ჩხარტიშვილის პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს.

"ლონდონის პირველი ინსტანციის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ფირმების მოთხოვნა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ და ისინი დაზარალებულად იქნა ცნობილი. სასამართლომ, ინგლისის კანონმდებლობაზე მითითებით, უარი გვითხრა ეცნო ის უდაო ფაქტი, რომ მოდავე კომპანიების მიერ ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილ პირზე გაცემული იყო გენერალური მინდობილობა, რომლითაც მას ეძლეოდა საკუთარი შეხედულებისამებრ კომპანიების ყიდვა-გაყიდვისა და ნებისმიერ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირზე გასხვისების უფლება. ქართული კანონმდებლობით ეს ჩვეულებრივი და მიღებული ნორმაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და საბოლოოდ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას, ლონდონის სასამართლო პროცესის პრაქტიკიდან გამომდინარე, კიდევ 2-3 წელი დასჭირდება. 

"ზემოთდასახელებულ სადაო თემებზე ქართულ სასამართლოში ამჟამადაც მიმდინარეობს პროცესები. დღეისათვის არის ქართული სასამართლოს პირველი და მეორე ინსტანციის დადგენილებები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ლონდონის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისგან. საქმე დღეს სააპელაციო განხილვის სტადიაშია. მანამდე კი იყო იმავე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოს დადგენილება, რომლითაც მთავარი სადაო აქტივი-ყულევის ნავსადგურის წილები, უპირობოდ იქნა მიჩნეული ვანო ჩხარტიშვილის საკუთრებად და ოჯახმა აღნიშნულ საკითხზე დავა შეწყვიტა.

"ჩვენ მთელი დავის პერიოდში, არასოდეს შეგვილახავს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის რეპუტაცია და გარდაცვლილის ღირსება, არც მომავალში ვაპირებთ ამას და მოვუწოდებთ მედიას, ფაქიზად მოეკიდოს ორ სუბიექტს შორის სამოქალაქო დავას და ხელოვნურად ნუ ახდენს დაძაბულობის ესკალაციას," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები