გასული წლის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა 13 ივნისის სტიქია იყო. ოფიციალური ინფორმაციით საერთო ჯამში სტიქიამ 194 ოჯახი და 800-ზე მეტი ფიზიკური პირი დააზარალა. გარდაიცვალა 20 ადამიანი, 2 დაკარგულის სერგი კაპანაძის და ბექა ბუთურიშვილის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სტიქიას ვერ გადაურჩა ზოოპარკის მობინადრეთა თითქმის ნახევარიც. მათ შორის, ვეფხვი სალი და თბილისის ზოოპარკში დაბადებული თეთრი ლომი შუმბა. ყველას გამორჩეულად დაამახსოვრდა გმირთა მოედანზე მშვიდად მოსეირნე ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოთი ბეგი, რომელიც უცხოური ჟურნალების გარეკანზე მოხვდა.
საქართველოს დედაქალაქში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ წამოატივტივა ბევრი პრობლემური საკითხი, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. როგორც ჩანს 2015 წლის სტიქიის კვალი 2016 წელსაც გადაჰყვება. დაზარალებულების ნაწილი კვლავ ყურადღებას და კომპენსაციას ითხოვს, გადასაწყვეტია დამეწყრილი წყნეთი-ბეთნიის დამაკავშირებელი გზის საკითხი, სპეციალისტების თქმით, ეს ადგილი კვლავ მეწყერსაშიშია.
თუმცა პრობლემებს მიღმა ყველაზე მეტად აღსანიშნავია მოხალისეთა სულისკვეთება. ამ ახალგაზრდებმა დაამტკიცეს, რომ მოქალაქეობრივი თვითშეგნებით გაუსწრეს წინა თაობებს.
ავტორი: ლაშა კვესელაძე