თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია. ისინი ამ წუთებში თბილსერვისის ოფისის წინ არიან შეკრებილი.
თანამშრომლები ლარის კურსის დევალვაციის გამო, ხელფასების 50 პროცენტიან ზრდას ითხოვენ.
ამავე დროს აქციის მონაწილეები დასუფთავების სამსახურის ადმინისტრაციას წეზოლაში ადანაშულებენ და ამბობენ, რომ გაფიცვის გამო ხელმღვანელობა მათ სამსახურიდან დათხოვნით ემუქრება.
ადმინისტრაციაში კი ზეწოლას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები ითხოვენ ასევე მათთვის განკუთვნილი მეცამეტე ხელფასის დარიცხვას. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ნაწილს მეცამეტე ხელფასი საერთოდ არ მიუღია, ნაწილს კი ჩაერიცხა მხოლოდ მცირე რაოდენობა.
ასევე მეეზოვეები ითხოვენ გარკვეული პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის ახალი ფორმების შეძენას.
აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ უპასუხა თბილსერვის ჯგუფის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა.
მისი განმარტებით, თანამშრომლებისთვის მეცამეტე ხელფასი არ ყოფილა განკუთვნილი, იყო პრემია, რომლის დარიგება მოხდა ინდივიდუალურად.
მისივე თქმით, პრემიის მცირე რაოდენობა დაერიცხათ იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამუშაოს არაჯეროვნად ასრულებდნენ.
აქციის მონაწილეები გარკვეული ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობენ. მათი განცხადებით, მას შემდეგ რაც გადაწყვიტეს საპროტესტო აქციის გამართვა, დაუკავშირდნენ უშუალოდ მისი ხელმძღვანელები და მოითხოვეს რომ აქცია შეეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გათავისუფლდებოდნენ სამსახურიდან.