18 ივნისი 2026,   19:50
ვრცლად
რეზოლუციაში ძალიან ბევრი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია წერია - მაკა ბოჭორიშვილი

"ევროპარლამენტი, ასე გამოიყენება ინსტრუმენტად, რათა გარკვეული ზეწოლა განახორციელონ ან სცადონ განხორციელება ჩვენს საზოგადოებაზე, განამტკიცონ საქართველოს შესახებ სრულიად ცრუ ნარატივები", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რიგით მერვე რეზოლუციაზე განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რეზოლუციაში ძალიან ბევრი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია წერია.

"ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია წერია, ბევრი დებულება მეტად მანიპულაციურია. შესაბამისად, ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება. თქვენ ნახავდით საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას ამ ტექსტთან დაკავშირებით და ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც თავდასხმას ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებაზე. ნამდვილად მიუღებელია, რომ ეს ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის ხელით კეთდება", – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის რიგით მერვე რეზოლუცია, წინა ტექსტების ანალოგია. საქართველოს შესახებ ანგარიში იმეორებს ტრადიციულ მოთხოვნებს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ. ყველა რეზოლუციაში ისმის ერთი და იგივე მოთხოვნები, რაც "ქართული ოცნების" შეფასებით ადასტურებს ფაქტს, რომ ევროპარლამენტში არსებობს ჩარჩო დოკუმენტი, რომლის კოპირებაც ხდება და რეზოლუციებზე სიღრმისეულად რეალურად არავინ მუშაობს. მიღებული დოკუმენტით ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს.

მმართველი გუნდის შეფასებით, ეს მიდგომა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ევრობიუროკრატია უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და მხოლოდ ვიწრო, მათთვის სასურველ ჯგუფებს ლობირებს.

დღის ამბები