ტელეკომპანია საქართველოს წილებს ყადაღა მოეხსნა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს დილით მიიღო. TV საქართველოს წილები რუსთავი 2-ის საქმის ფარგლებში მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გასულ წელს დააყადაღა.
მაშინ ურთმელიძემ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო, რითაც ტელეკომპანიის წილების გასხვისება აკრძალა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ურთმელიძის ყადაღა მთლიანად გაუქმებულია.
„რისთვისაც იქნა გამოყენებული ეს სარჩელის ღონისძიების უზრუნველყოფა, ემსახურებოდა იმ სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფას, რომელიც სავარაუდოდ, შემდგომში უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა შემაჯამებელი გადაწყვეტილებით მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა ეს სასარჩელო მოთხოვნა და გაუგებარია თუ არ დააკმაყოფილა გადაწყვეტილებით, იმავე დღეს რატომ დატოვა მისი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ეს იყო ძირითადი უკანონობა, შესაბამისად, არ იყო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნობრიობა სახეზე, რისთვისაც უნდა ყოფილიყო დარჩენილი ძალაში ეს ღონისძიება.
"ვფიქრობთ, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივად საფუძველი არ ქონდა ძალაში დაეტოვებინა. როგორც ეს იყო ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსთავი 2-ის და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ, ჩვენ შევეცდებით, რომ ასევე დავასაბუთოთ სასამართლოს წინაშე სხვა განჩინებების უკანონობაც,“ - განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილი.
ამ განჩინებას რუსთავი 2-ის და TV საქართველოს იურისტები ელოდებოდნენ 8 თვე. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი საჩივრის განხილვის ყველა ვადა დარღვეული იყო როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციაში.