თოქ-შოუ არჩევანი მაესტროს ჟურნალისტებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გიორგი გაბუნიასთან სტუმრობა მათი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი გახდა. შეტყობინება გადაცემა ბიზნესკონტაქტის, საქმიანი დილისა და ანალიტიკას თანამშრომლებს დღეს ელექტრონული ფოსტით მიუვიდათ.
ბიზნესკონტაქტის ოთხმა თანამშრომელმა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დღევანდელ ეთერამდე ერთი საათით ადრე შეიტყო. მათ შორის არიან გადაცემების წამყვანები და პროდიუსერი. ოფიციალური მიზეზი, ორი დღის წინ რუსთავი 2-ის თოქ-შოუ არჩევანში მონაწილეობაა, თუმცა განსხვავებული ვარაუდი აქვთ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს. ისინი აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის ეთერში მონაწილეობა მაესტროს ხელმძღვანელობისთვის მხოლოდ საბაბია, რეალური მიზეზი კი მაესტროს ახალი ხელმძღვანელობისთვის გადაცემების მიუღებელი შინაარსია.
გადაცემა არჩევანი, რომელში მონაწილეობაც მაესტროს უყვე ყოფილმა ჟურნალისტებმა მიიღეს, რუსთავი 2-ის ეთერში ორი დღის წინ გავიდა. ეთერი რუსთავი 2-ის საქმეს და თავისუფალი მედიაგარემოს პრობლემებს დაეთმო. გადაცემაში მონაწილეობდა არხის უკვე ყოფილი წამყვანი გიორგი ისაკაძეც, რომელიც მაესტროს ხელმძღვანელობამ 4 დღის წინ ხმაურით გაათავისუფლა.
გადაცემა ბიზნეს კონტაქტისა და საქმიანი დილის ის თანამშრომლები, რომლებიც ორი დღის წინ რუსთავი 2-ის სტუდიაში არ ისხდნენ, დღეს არხის ხელმძღვანელობას მიმართავენ და მათთან დაკავშირებითაც იგივე გადაწყვეტილებას მიღებას თხოვენ.
ავტორები:ქეთი ნადიბაიძე, გივი კაჭარავა.