ამ წუთებში რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე ხმაური მიმდინარეობს, რადგან დარბაზში არხის სულ 2 ადვოკატი დარჩა. დანარჩენი იურისტები წესრიგის დარღვევისთვის დააჯარიმეს, შემდეგ უკვე სხდომათა დარბაზიდან გამოაძევეს.
რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი, სასამართლო დარბაზიდან გამოძევების და დაჯარიმების მიზეზებზე საუბრობს.
„მიზეზი გახდა სასამართლოს უპატივცემულობა, რომ თურმე ჩვენ ვცდილობთ ჩავშალოთ პროცესი, რაც ასე არ არის. პროცესი დაიწყო უკვე კონფლიქტით, როდესაც მოსამართლე ნათია გუჯაბიძე გამოვიდა და მკაცრი სახით განცხადებები გააკეთა და ამ განცხადებაზე, ჩვენ შეპასუხების საშუალებაც არ მოგვცა,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
ადვოკატის თქმით, მათ დააყენეს არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პროცესზე დაშვების შუამდგომლობა, რაზეც მათ პასუხად მიიღეს, რომ „ნიკა გვარამიამ პერსონალურად უნდა წარმოადგინოს, სხდომის დაწყებამდე წერილობით შუამდგომლობა, რაც კანონმდებლობით ასე არ არის გათვალისწინებული.“
მურადაშვილი საუბრობს იმის შესახებ, რომ განვითარებული მოვლენების შემდეგ, შეუძლებელია მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.
„ძალიან რთულია დაიჯერო, რომ მოსამართლე, რომლის მიმართაც მიმდინარეობს პროკურატურის მხრიდან ზეწოლა, შეიძლება იყოს მიუკერძოებელი და სამართლიანი. შეუძლებელია მან მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, ის უკვე გაბრაზებულია, ის უკვე შურისძიებით იქნება გამსჭვალული,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
რუსთავი 2-ის კიდევ ერთი ადვოკატი დააჯარიმეს დიმიტრი საძაგლიშვილი. ადვოკატი დაჯარიმების და გამოძევების მიზეზებზე საუბრობს.
„დაჯარიმების და გამოძევების მიზეზი იყო ერთადერი, კერძოდ, ჩემი მოთხოვნა მოსამართლის მიმართ, რომ მიეთითებინა კონკრეტული ნორმა, უ რის საფუძველზე არ უშვებდა ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზში,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.