სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვას და იქ მომხდარ მოვლენებს აფასებენ ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლები.
“ რაც დღეს ვიხილეთ სააპელაციო სასამართლოში იყო მასკარადი. უაღრესად უღირსი საქციელი ქალბატონი გუჯაბიძის მხრიდან და კოლეგიის მხრიდან რომელიც ფაქტიურად იქცა პოლიტიკურად გაკოტრებული და მარცხისთვის განწირული ოლიგარქის მომსახურე პერსონალად“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.
ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგო რატიანის თქმით, საქმე გვაქვს ხელისუფლების დაკვეთასთან.
“როგორც ჩანს სასამართლოს მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ რუსთავი2-ს მოუგებდნენ საქმეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარბაზში არ იქნებოდა რუსთავი2-ის არცერთი წარმომადგენელი და არცერთი ადვოკატი. რეალურად საქმე არის დაკვეთასთან და რომელიც არის ხელისუფლების დაკვეთა“ - აღნიშნა რატიანმა.
პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის საქმეზე საუბრობს.
"ფაქტი რომ ის დედისგან ქირაობდა ბინას ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს ზოგადად და ეს ყველაფერი არის შესასწავლი და გამოსაძიებელი. ჩემი აზრით ეს ინფორმაცია არის უფრო მაკოპრომინტირებელი და შემდეგომ უკვე შენახული სავარაუდოდ იმისათვის, რომ მოსამართლეებზე იყოს გამოყენებული როგორც კომპრომატი“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.