19 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს აღიარება - მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესახებ საბჭო 2 წლის წინ მსჯელობდა

სამდღიანი დუმილის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მთავარი კითხვა კვლავ უპასუხოდ დატოვა- იცოდნენ თუ არა საბჭოს წევრებმა, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთვის სახელმწიფო თბილისში ბინას მისივე დედისგან ქირაობდა. მურუსიძემ ამავდროულად დაადასტურა, რომ ამ ფაქტის გამო, დაახლოებით, ორი წლის წინ, საბჭოს მსჯელობა მოუწია, რადგან უწყებაში საჩივარი შევიდა.

საბჭოს მდივანი ამბობს, რომ განხილვის შედეგად, ნათია გუჯაბიძეს არც სამართლებრივი და არც დისციპლინური გადაცდომა არ დაუდგინდა. ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება იმას, რომ გუჯაბიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია, ლევან მურუსიძეს ეს არ დაუდასტურებია.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს საბჭო ბინის ფულს 2011 წლიდან 2015 წლის ივლისამდე უხდიდა. დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას კი ხელს ლევან მურუსიძე აწერს. სავარაუდოდ, სწორედ ქირის შეწყვეტას უძღვოდა წინ საბჭოში ნათია გუჯაბიძის მიერ შესაძლო გადაცდომებზე მსჯელობა. საბჭოს წევრები დღეს აცხადებენ, რომ 2015 წელს ქირის შეწყვეტის თხოვნით გუჯაბიძემ საბჭოს თავად მიმართა.

რუსთავი 2-ის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ნათია გუჯაბიძეს ქირის გადახდა საბჭომ შეუწყვიტა, რადგან საბჭოს წევრებმა გუჯაბიძის მიერ ბინის ქირაობის დეტალები შეიტყვეს.

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, თემურ ვარაზანაშვილი, ნიკა ვაწაძე.

დღის ამბები