19 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
"რუსთავი 2" ივანიშვილის პირობებს ინტერვიუზე არ თანხმდება, ნიკა გვარამია კი ტელეკომპანიის შეთავაზებაზე საუბრობს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ყოფილი პრემიერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის შეთავაზებულ პირობებს განმარტავს და ამბობს, რომ ეს არის ტელეკომპანიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის არის ინტერვიუს უშუალოდ ტელევიზიაში ჩაწერის თემა.

„ცოტა გაუგებარ თეზას, რომ მამხილებელი სიცრუის შესახებ გადაცემები უნდა, რომ ამხილოს ჩვენს ეთერში, კი ბატონო, ესეც გააკეთოს, ამიტომაც არ გვინდა ჩვენ ლოკაციის გარეთ გატანა, რომ მისი კომენტარები, ან ამ გადაცემების ციტატები თუ დაგვჭირდება ეს ეკრანზე უნდა გამოვიტანოთ. როცა რაღაცას ამხელ მაშინ მტკიცებულებებით უნდა დაგიპირისპირდეთ. ამიტომაც გვინდა ჩვენ აქ ჩატარება, თორემ ასეთი პრინციპული ჩვენთვის არ არის ლოკაცია მაინცდამაინც. ამავდროულად ჩაერთვება უკვე არა მხოლოდ გიორგი გაბუნია ამ გადაცემაში, არამედ ის წამყვანებიც, ის ჟურნალისტებიც ვისი მხილებაც მას უნდა, იმიტომ რომ გიორგი გაბუნია არ არის რელევანტური პერსონა რომ დაიცვას სხვის მიერ შექმნილი პროდუქცია,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, ივანიშვილის მოთხოვნები ტელევიზიაში არმოსვლის შესახებ მისთვის გაუგებარია, რადგან გადაცემაში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პირიც კი იმყოფებოდა.

ნიკა გვარამიას თქმით ასევე მიუღებელია ტელეკომპანია ტაბულასთან ერთად გადაცემის ჩატარება. როგორც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი განმარტავს, ტაბულასთან სარედაქციო პოლიტიკაში არსებული საერთო ფასეულობების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ფორმატი ტრადიციულ პრესკონფერენციას ჰგავს, რომელზეც მას რუსთავი 2-სა და ტაბულასთან ერთად შეუძლია სხვა ტელევიზიებიც მიიწვიოს.

ნიკა გვარამიამ ასევე განმარტა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერვიუს პირდაპირ ეთერში წარმართვა.

"პირდაპირი ეთერი გვინდა იმიტომ, რომ მერე სადავო არ აღმოჩნდეს ვინ რა ამოჭრა და გადაჭრა. ჩვენ შეგვიძლია ჩაწერილი გადაცემაც გავუშვათ ოღონდ იმ პირობით, რომ არაფერს არ ამოვჭრით, მათ შორის თუ ბიძინა ივანიშვილს ასე ენდომება იმ ე.წ. საეთერო ჭუჭყსაც არ ამოვჭრით, რაზეც ეხლა მიმდინარეობს მისი მომხრეების მხრიდან სალომე ასათიანზე თავს ლაფის გადასხმა, იგივე ფურცლებში ქექვა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ყოველთვის იჭრება და არაფერზე არ მეტყველებს, მითუმეტეს ცუდზე ჟურნალისტის მხრიდან, თუ ეს არ უნდა ამასაც არ გავაკეთებთ,"-აცხადებს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა რუსთავი 2-სა და ტაბულას შესთავაზა ყოფილ პრემიერთან ინტერვიუს ჩაწერა. შეთავაზება კონკრეტულ პირობებს მოიცავდა, მათ შორის ინტერვიუს ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩაწერა და რეგლამენტის განსაზღვრა მოდერატორის მიერ.

დღის ამბები