ახალგაზრდების ჯგუფი ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მოთხოვნით მასშტაბურ კამპანიას იწყებს. მათ მიაჩნიათ რომ 22 წლის კოტე ჯაფარიძე, რომელსაც 2 გრამი MDMA პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის სასამართლომ 1 წელი თავისუფლების აღკვეთა, 5 წელი პირობითი მსჯავრი და 25 ათასი ლარი ჯარიმა დააკისრა არსებული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია. ახალგაზრდები ამტკიცებენ, რომ ამ რაოდენობისთვის არ უნდა იჭერდნენ.
კოტე ჯაფარიძე 2 გრამია MDMA-თ მიმდინარე წლის თებერვალში საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს. მაშინ სასამართლომ ის 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოგვიანებით კი იძულებული გახდა არჩევანი 8 წლამდე პატიმრობასა და პროკურატურის შეთავაზებულ საპროცესოს შორის გაეკეთებინა. საბოლოოდ ხელი გარიგებას მოაწერა და ერთწლიან პატიმრობას და სოლიდურ ჯარიმას დათანხმდა. მეგობრები ამბობენ, რომ საჭირო თანხა ოჯახმა ვალად აიღო. კოტე ჯაფარიძე დაკავებამდე ავტობანის მშენებლობაზე მუშაობდა, უნდოდა მაგისტრატურაში ჩაბარება და იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი.
კოტე ჯაფარიძის საქმეზე კომენტარი დღეს არც პროკურატურამ და არც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. კოტეს მეგობრები კი მისი გათავისუფლების და კანონის ლიბერალიზაციის მოთხოვნით აქციების დაწყებას გეგმავენ.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.