ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის პოლიცია მის ქმარს ეძებს. თვითმხილველთა ინფორმაციით სასტუმროს წინ მამაკაცმა ქალს 4-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის მიზეზი გარე კახეთის ქუჩის მცხოვრებლებმა არ იციან, თუმცა ყვებიან, რომ სასტუმროსთან სადაც მოკლული მუშაობდა მამაკაცი მივიდა და ცოლთან შეხვედრა მოითხოვა.
მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობებით ქალი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის ოპერაციის მიმდინარეობისას გარდაიცვალა. მოკლულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, მას ქმართან კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა. მომხდარის მიზეზად კი ეჭვიანობას ასახელებენ. მათივე ინფორმაციით ცოლის მკვლელობისთვის ძებნილი წარსულში რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები თითქმის 2 საათი მუშაობდნენ. სავარაუდოდ მათ უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც სასტუმროს შესასვლელთანაა დამონტაჟებული და სრულად იღებს იმ პერიმეტრს, სადაც ახალგაზრდა ქალს ქმარმა რამდენჯერმე ესროლა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.