შეთანხმებულად მოქმედებს ხელისუფლება , სასამართლო და მოწინააღმდეგე მხარე- ეს განცხადება, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. გვარამიამ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას მიერ დღეს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ფაქტი შეაფასა. მისი თქმით, აპელაცია მიზანმიმართულად მოიხსნა, რათა რუსთავი 2-ის ადვოკატებს და გენერალურ დირექტორს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცემოდათ.
„ცალსახაა, რომ შეთანხმებულად მოქმედებს ხელისუფლება , სასამართლო და მოწინააღმდეგე მხარე . რამდენადაც ინფომრაცია მომაწოდეს შიგნიდან ადვოკატებმა , მოწინააღმდეგე მხარემ საერთოდ მოხსნა თავისი აპელაცია. ამის მიზანი არის ის, რომ პროცესი კიდევ უფრო კიდევ უფრო მოკლე ხანში დასრულდეს, ანუ ესეც არ იყოს განსახილველი და რუსთავი 2 საერთოდ არ იყოს მხარე და ამ მოტივით პროცესზე საერთოდ აღარ დაგვიშვან. ეს არის საერთო გადაწყვეტილება, ორკესტრირებული ერთი საერთო ცენტრიდან და ეს არ არის თავისთავად ცხადია მართლმსაჯულება. ეს მართლმსაჯულების იმიტაციაც კი არ არის და ზუსტად იმის გამო , რომ ესე მიმდინარეობს პროცესები, ჩვენი ერი აკლდება უმნიშვნელოვანეს მიღწევას, როგორიც არის ვიზა ლიბერალიზაცია.
ეს სასამართლო კოლეგია, მოსამართლე ურთმელიძე და საერთოდ მთელი სასამართლო სისტემა უნდა გრძნობდნენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას საიმისოდ , რომ საქართველო, ჯერჯერობით ამ ეტაპზე, როგორც ჩანს ვიზა ლიბერალიზაციას ვერ მიიღებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.