ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოიტანს. უდუმაშვილი დღეს მოსამართლეთა იმ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომაზე არც რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი და არც ტელეკომპანიის ადვოკატები არ დაუშვეს. მისი თქმით, სასამართლო ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სააპელაციო განხილვა და განაჩენი 8 ივნისამდე დადგეს.
"რა თქმა უნდა, პროცესები იქით მიმდინარეობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სააპელაციო განხილვა. სასამართლო ცდილობს, რომ 8 ივნისამდე გამოიტანოს გადაწყვეტილება და დღეს ან ხვალ ალბათ გამოაცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას. წინა პროცესიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ , პრაქტიკულად რუსთავი 2-ს იურისტებიც კი არ დაუტოვეს დარბაზში და ყველა გამოაძევეს, ასეთ რეჟიმში რა თქმა უნდა სასამართლო ყველაფერს მოასწრებს და ამ გადაწყვეტილებას ალბათ გამოიტანს", - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.