19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
პოლიციამ ურეკში "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი დააკავა

პოლიციამ ურეკში რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დააკავა.  შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ვლადიმერ მენაბდე ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. 

გადამღები ჯგუფი ურეკში, ინფორმაციის გადასამოწმებლად იმყოფებოდა, რომლის თანახმადაც ადგილზე გამგებელსა და საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით კი მომხდარის მიზეზი მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა გახდა. 

მოქალაქეები ჩვენს გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ ადგილზე მისულმა პოლიციამ კი კურიერის ჟურნალისტი დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტის დაკავების მიზეზი სამართალდამცავების შეურაცხყოფა გახდა.

უწყების ინფორმაციით, ჟურნალისტის  მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და პოლიციელის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

“წინასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ჟურნალისტი ლადო მ. ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში აწარმოებდა ვიდეოგადაღებას, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რომლებიც საკუთარი სახლის წინ სადილობდნენ. ადგილობრივებმა მენაბდის მიერ მათი უნებართვოდ გადაღების ფაქტი გააპროტესტეს. ინციდენტის ადგილზე მივიდა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის სამმართველოს ურეკის განყოფილების უბნის ინსპექტორი, რომელიც ახლომდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდა. პოლიციის თანამშრომელმა კონფლიქტის განმუხტვა სცადა და ინციდენტის მონაწილე პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამ დროს ჟურნალისტმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, სამართალდამცველს შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარი კონფლიქტის დეტალების გარკვევის მიზნით, უბნის ინსპექტორმა ჟურნალისტის შეყოვნება სცადა და მას პოლიციის განყოფილებაში მისვლა სთხოვა. თუმცა, ლადო მ. არ დაემორჩილა სამართალდამცველის მოთხოვნას და წინააღმდეგობა გაუწია,“-ნათქვამია განცხადებაში.

 

დღის ამბები