ორგანიზაცია დაიცავი პლატფორმა ახალციხეში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქცია -კონცერტის გამართვისთვის ემზადება. ცენტრალურ პარკში შეკრებილი ადამიანებისთვის ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა დაუკრავს. თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში კონცერტის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და ორგანიზატორები ხელისუფლებას მათი კონსტიტუციური უფლებების შელახვაში ადანაშაულებდნენ.
ცოტა ხნის წინ კი ახალციხის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განცხადებაც გაავრცელა.
განცხადებით ქალაქის მერია მოუწოდებს კონცერტის ორგანიზატორებს, რომ თავი შეიკავონ რაიმე სახის პროვოკაციისგან და სიტუაციის დაძაბვისგან.
თავად კონცერტის ორგანიზატორები ითხოვენ განმარტებას, თუ რატომ მოხდა მსგავსი სახის განცხადების გავრცელება. თამარ ჩერგოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდებს მივიდნენ ადგილზე და დაიცვან უსაფრთხოება კონცერტის მიმდინარეობის დროს.
„მე მაქვს ეჭვი, გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების საქციელის და უახლოესი წარსულის გამოცდილების. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ, რომ დაიცვას უსაფრთხოება და წესრიგი კონცერტის მიმდინარეობის დროს. თუ ისინი კალაძის კუნთმაგარი, ან რომელღაც ოდიოზური პერსონაჟის კუნთმაგარი პირებით აპირებენ აქ სიტუაციის არევას, პირიქით, უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან,“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.