თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. პროცესი 10 ივნისს, დილის 10 საათზეა ჩანიშნული.
ამის შესახებ იურისტებს სააპელაციო სასამართლოდან დაახლოებით ერთი საათის წინ აცნობეს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მხოლოდ ტვ საქართველოს იურისტებს შეატყობინეს, იგივე შინაარსის სატელეფონო ზარი არ განხორციელებულა რუსთავი 2-ის ადვოკატებთან, შესაბამისად, ისინი არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ ისინი ხვალაც არ დაუშვას დარაბაზში და არ დაასწროს გადაწყვეტილების გამოცხადებას.
შეგახსენებთ, რომ საქმის გახილვა სამშაბათს, 7 ივნისს დასრულდა და კოლეგიამ განაცხადა, რომ მოსაფიქრებლად რამდენიმე დღეს დაჭირდებოდათ, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
რუსთავი 2-ის იურისტები ბოლო მოვლენების გათვალისწინებით ფიქრობენ, რომ ნატა ნაზღაიძის კოლეგიის გადაწყვეტილება იქნება რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო.
"ყველა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვიხილეთ პროცესის განმავლობაში და პროცესის შემდგომ, მაგალითად, მერაბ ტურავას მიერ პლენუმისთვის მიმართვა, რომ საქმე გადაცემოდა პლენუმს, ყველა ეს ფაქტი აღებული შემაჯამებლად, იძლევა იმ სურათის აღქმის საშუალებას, რომ გადაწყვეტილება იქნება ისვ სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ," - აცხადებს რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი.
რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო ხვალ მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებს. დასაბუთებულ გადაწყვეტიელბას მხარეები უკვე 30 დღის განმავლობაში მიიღებენ.