თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. პროცესი დილის 10 საათზეა ჩანიშნული.
ამის შესახებ იურისტებს სააპელაციო სასამართლოდან გუშინ აცნობეს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მხოლოდ TV საქართველოს იურისტებს შეატყობინეს, იგივე შინაარსის სატელეფონო ზარი არ განხორციელებულა რუსთავი 2-ის ადვოკატებთან, შესაბამისად, ისინი არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ ისინი დღესაც არ დაუშვას დარბაზში და არ დაასწროს გადაწყვეტილების გამოცხადებას.
შეგახსენებთ, რომ საქმის განხილვა სამშაბათს, 7 ივნისს დასრულდა და კოლეგიამ განაცხადა, რომ მოსაფიქრებლად რამდენიმე დღეს დასჭირდებოდათ, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
რუსთავი 2-ის იურისტები ბოლო მოვლენების გათვალისწინებით ფიქრობენ, რომ ნატა ნაზღაიძის კოლეგიის გადაწყვეტილება იქნება რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო.
რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო დღეს მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებს. დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეები უკვე 30 დღის განმავლობაში მიიღებენ.
სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნატა ზაღაიძე მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებასთან დაკავშირებით, რომლის შუამდგომლობითაც უკვე მიმართეს რუსთავი 2-ის იურისტებმა კოლეგიას.
მათი შეფასებით, იუსტიციის საბჭოდან მიღებული დოკუმენტები მოსამართლის აცილების საფუძველია, თუმცა უცნობია განიხილავენ თუ არა ამ საკითხს მოსამართლეები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
იუსტიციის საბჭოდან მიღებული დოკუმენტის თანახმად, მოსამართლე შორენა ყაველაშვილი არა სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის სპეციალისტია.