კიდევ ორი ქართველი დააკავეს რუსმა ოკუპანტებმა. შემთხვევა გორის რაიონის სოფლებში - აძვსა და ფლავისმანში მოხდა.
სოფელ ფლავისმანში ფაქტს არასრულწლოვანი შეესწრო. როგორც თავად ყვება, მისი დაკავებაც უნდოდათ, თუმცა გამოუშვეს, გიორგი სოხატერი კი, რომელიც მასთან ერთად მწყემსავდა საქონელს, ექვსმა შეიარაღებულმა ადამიანმა მანქანაში ჩასვა და წაიყვანა.
მოზარდმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც უკვე საქმის კურსში ჩააყენეს სამართალდამცველები და სოხატერის ოჯახიც. ისინი დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ჯარიმის მოთხოვნის შემთხვევაში, ვერ შეძლებენ მის გადახდას.
სოფელ აძვშიც სავარაუდოდ ამ ექვსმა შეიარაღებულმა ადამიანმა დააკავა ასევე ვახტაგნ მჭედლიძე, ისიც საქონელს მწყემსავდა თანასოფლელთან ერთად.