19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმის გამო პაატა ბურჭულაძე სასამართლო ხელისუფლებას აკრიტიკებს

პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს.

ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული საზოგადოება არ დათმობს დამოუკიდებელ ტელევიზიას და არ დაუშვებს მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს. ყველასათვის ნათელია, რომ ხელისუფლების სურვილი არც არასოდეს ყოფილა რეალური სასამართლო რეფორმის განხორციელება. მორჩილი სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მოკავშირეა. მხოლოდ ასეთი მოცემულობის პირობებში გრძნობს ხელისუფლება კომფორტულად თავს, რომლის მთავარი მიზანია, არ მივიდეს კრიტიკული ინფორმაცია მაყურებლამდე. ფაქტია, ამ პროცესებით საქართველოს საერთაშორისო იმიჯი ნადგურდება, ვინაიდან ყველას თვალში ქართული მართლმსაჯულება უფასურდება. რუსთავი 2-ის დამორჩილებასთან დაკავშირებული, წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლებისგან ორკესტრირებული ეს უგუნური გადაწყვეტილება, ყველასათვის წინასწარ იყო ცნობილი. ცხადია, ეს პროცესი სააპელაციო სასამართლოს ამ პროვოკაციული გადაწყვეტილებით არ დასრულდება და კიდევ უფრო გაართულებს არსებულ ვითარებას. ქართული საზოგადოება, ჩვენ, ყველანი ერთად არ დავთმობთ დამოუკიდებელ ტელევიზიას და მის სარედაქციო თავისუფლებაში ჩარევას. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს სწორედ სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს,“ -  ნათქვამია პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები