არ ხდება შეტევა, სასამართლო არის თავისუფალი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება - ეს განცხადება, საპარალამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა გააკეთა.
ჟორჟოლიანი სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს რუსთავი 2-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ჟორჟოლიანი პროცესებში ყოფილი პრემიერის ჩართულობას გამორიცხავს.
„პირიქით არის, ბიძინა ივანიშვილი, მეც მაგალითად მოსურნე ვარ იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა მე არ მომწონს, რომელსაც რუსთავი 2 ახორციელებს, არც ქიბარ ხალვაშის მესაკუთრეობის დროს რომ ატარებდა, ის სარედაქციო პოლიტიკა მომწონს, საჭიროა, რომ ეს ტელევიზია შენარჩუნდეს, რადგან თავისუფლებაა ჩვენთან და სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეიბღალოს,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
განცხადება გააკეთა, მრეწველების ერთ-ერთმა ლიდერმაც. ზურაბ ტყემალაძის თქმით, ის რაც მოხდა სააპელაციო სასამართლოში არ არის პოლიტიკურად მართული პროცესი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება 2015 წლის 3 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა.
ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა.