2015 წლის 13 ივნისის თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაზე საუბრობდა დღეს დედაქალაქის მერი. დავით ნარმანიამ სალიკვიდაციო სამუშაოების ანგარიში წარადგინა. მისი განცხადებით, სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი და 1000 ფიზიკური პირი დაზარალდა, განადგურდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის მერის ამბობს, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები მერიამ სრულყოფილად განახორციელა.
„ყველა სამუშაო, რაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას უკავშირდება, არის შესრულებული და ამ თვალსაზრისით მდინარე ვერეს ხეობა არის უსაფრთხო. ისევე როგორც ყველა ოჯახი, გარდა ძალიან მცირე გამონაკლისისა, არის დაკმაყოფილებული, დაკმაყოფილებულნი არიან საცხოვრებელი ბინებით, ხოლო მეორე კატეგორიის ოჯახები დაკმაყოფილებულნი არიან სახლების რემონტისთვის საჭირო თანხებით,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, ყველა თანხა ჯერ ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, მობილიზებული იქნა 90 მილიონი და შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეცა თბილისის ბიუჯეტს, შესაბამისად მოხდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსება.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ჩატარებულ სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებზე ისაუბრა ინფრასტრუქტურის მინისტრმაც. ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია წყნეთი - სამადლოს გზა, რომელზეც ამერიკელმა გეოლოგებმა მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ დაასრულეს.