სულ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ადმინისტრაციაში რუსთავი 2-ის საქმეს გამოეხმაურნენ.
"საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის არსებობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტზე ანალოგიური დამოკიდებულებაა დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც. პრეზიდენტი სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის განმავლობაში მიმდინარე ყველა შეხვედრაზე რუსთავი 2-ის საქმე ძალიან მაღალი ინტერესის საგანი იყო. პრეზიდენტი თვლის, რომ ის რაც რუსთავი 2-ის გარშემო ხდება, ამძაფრებს კითხვის ნიშნებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. პრეზიდენტის აზრით, არჩევნებამდე რუსთავი 2-ის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით.
"პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების დაცვა, სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, თუმცა პრეზიდენტის აზრით, ეს პროცესი პირველი დღიდან პოლიტიზირებული იყო, თუნდაც იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს,"- განაცხადა ეკა მიშველაძემ.