პოლიტიკოსები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე თითქმის ყველა პროცესს ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ სასამართლოს ხელით დღეს სიტყვის თავისუფლებას განაჩენი ხელისუფლებამ გამოუტანა. ოპოზიციის ნაწილი სწრაფი რეაგირების მიზნით პირადად გეგმავს საერთაშორისო ორგანიზაციებს მედიაზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
ოპოზიცია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის გამო უცხოელი პარტნიორებისგან მკაცრ რეაგირებას ელოდება და აცხადებს, რომ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დღევანდელი გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვნად დააზარალებს.
რუსთავი 2-ის მიმართ მწვავე კრიტიკით გამორჩეული სახელისუფლებო გუნდის წევრები დღეს უკვე ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება მმართველი გუნდისთვის სასურველი არ არის. ხელისუფლება ისევ კერძო სუბიექტებს შორის დავაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში რუსთავი 2-ის მენეჯმენტის შეცვლა არ შედის.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.