19 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ქიბარ ხალვაშის ისტორია

რუსთავი2-ის კანონიერ მესაკუთრეებად ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიის წილების ყოფილი მფლობელები, ქიბარ ხალვაში, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, სასამართლო დავის დაწყებამდე ბევრად ადრე გამოაცხადა.

სამართლებრივი დავაც და რუსთავი2-ზე სამთავრობო კონტროლის დამყარების გეგმაც ამის შემდეგ სწორედ ყოფილი პრემიერის სცენარით გაგრძელდა.

სარჩელი რუსთავი2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის აგვისტოში, ტელეკომპანიის წილების დათმობიდან 9 წლის და საქართველოში ხელისუფლების ცვლილებიდან 3 წლის შემდეგ, შეიტანა. ამავე პერიოდში პროკურატურის მეშვეობით წილების დაბრუნებას ითხოვდნენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, როლებმაც 2004 წლის 16 ივნისს 30-30%-იანი წილი პაატა კარსანიძეს მიჰყიდეს.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ რუსთავი2-ის წილები იძულებით დათმეს, მაგრამ პაატა კარსანიძე რეალური მყიდველი არ ყოფილა და მის უკან ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში იდგა, რომელიც იმდროინდელი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის უახლოესი მეგობარი და შვილის ნათლიაა.

ქიბარ ხალვაშის სარედაქციო და მენეჯერულ პოლიტიკას არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან ნიკა ტაბატაძის გათავისუფლება მოჰყვა. რუსთავი2-ის ნდობის ხარისხმა და რეიტინგმა არხის არსებობისთვის უპრეცენდენტოდ დაბალი ნიშნულისკენ ვარდნა დაიწყო. ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად გამოჩნდა და მასთან ერთად წავიდა.

სამართლებრივი დავა რუსთავი2-ის წილებზე ეროსი კიწმარიშვილის გარეშე დაიწყო. ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი საკუთარ ავტოფარეხში ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. საქმე ამ დრომდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა მოტივი დადგენილი არ არის.

 

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

დღის ამბები