სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ არსებულ პრობლემებზე საუბრობენ ოპოზიციაში. ისინი დაზარალებული ოჯახებისათვის თავშესაფრის შესახებ დღემდე მოუგვარებელ პრობლემებსა და ქალაქის არასწორ განაშენიანებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
მათ ასევე აინტერესებთ თუ გამოიკვლიეს სტიქიის გამომწვევი მიზეზები, თუ შემუშავდა სპეციალური დასკვნა და რა პრევენციული ღონისძიებები გატარდა. ოპოზიციაში ასევე ფიქრობენ, რომ თბილისის მერიამ სრულად ვერ შეძლო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.
“საკმაოდ დაგვიანებით, უტენდეროდ, ათეულობით მილიონი ლარის უკონტროლოდ ხარჯვის შედეგად, სამუშაოების ნაწილი შესრულებულია, თუმცა სამუშაოების დიდი ნაწილი დარჩენილია, “ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის მოვლენებს იხსენებს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილიც.
„საერთოდ გამორიცხვა იმისა, რომ ასეთი სტიქია მოხდება, არის შეუძლებელი. იმიტომ, რომ ასეთი სტიქიური მოვლენები ხდება ძალიან იშვიათად. როგორი ოპერატიულობაც ვთქვათ თქვენმა ტელევიზიამ გამოიჩინა 13 ივნისის დღეს, როდესაც აშუქებდნენ, ასევე იყო საზოგადოების მონიტორინგი ხელისუფლების საქმიანობაზე ამ კუთხითაც, რათა არ მიეცეს მოდუნების საშუალება ბიუროკრატიას,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
დღეს ამ თემაზე თბილისში თავისუფალი დემოკრატები აქციას გამართავენ.