13 ივნისის ტრაგედიის გახსენებით დაიწყო მთავრობის სხდომა საქართველოს პრემიერმინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რთულია იმ წუთების გახსენება, რაც გასული წლის 13 ივნისს დედაქალაქში ხდებოდა და რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
“მართლაც და შემაძრწუნებელია თითოეული იმ წუთის გახსენება, რაც ხდებოდა ჩვენს დედაქალაქში შარშან. თუმცა, ნამდვილად გვანუგეშებს გახსენება იმ კონსოლიდაციის და იმ გადარჩენილი სიცოცხლეების, რაც ადამიანების სიცოცხლის გაწირვის შედეგად მოხერხდა და ასევე ჩვენი ახალგაზრდობის კონსოლიდაცია, რომელიც მართლაც ისტორიული იყო იმ დღეებში. თუმცა, როდესაც ასეთ მოვლენებს იხსენებ, როგორიც არის 13 ივნისი, 9 აპრილი, სულ ეს კითხვა გიჩნდება ადამიანს, მაინც და მაინც ასეთი უბედურება უნდა დაგვემართოს, რომ ადამიანებს უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი და ასეთი ერთიანობის გრძნობა იყოს ერში?“- აქღნიშნაა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე მინისტრები საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, რომელიც მეხანძრე მაშველებისათვის სამართლებრივი და სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას გულისხმობს.
პრემიერის თქმით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების შემთხვევაში, მეხანძრე მაშველების ოჯახებს ერთჯერადად გადაეცემათ 100 ათასი ლარი, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარიანი შემწეობა დაენიშნებათ.
"სიმბოლურია, რომ ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე ჩვენ ვიხილავთ კანონპროექტს, მეხანძრე მაშველებისათვის სამართლებრივი და სოციალური პაკეტის გაუმჯობესების კუთხით,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.