ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და "სამართლიანს" უწოდებს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ძალაში ტოვებს მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ შეთავაზებას ქიბარ ხალვაშისა და დავით დვალის მიმართ, რომ, თუ სასამართლო პროცესები არჩევნებამდე დასრულდება, მენეჯმენტის უცვლელად დატოვების სანაცვლოდ, ის მზად არის, ხალვაშს ფული გადაუხადოს.
ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ "ჩვენ უცხოელებთან ბევრი განმარტებები არ დაგვჭირდეს", რადგან, მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას საზღვარგარეთ რეალობის გატანა გაუჭირდება".
"დვალს აქვს ხანგრძლივობის ვადა გასული, ამიტომ ვერ მონაწილეობს პროცესში, მაგრამ საჯაროდ უთქვამს, რომ ხალვაში მასთან ერთად მომართავს ტელევიზიას და დვალი შეიძლება, იყოს მთავარი მენეჯერი. დავა მიდის ორ ყოფილ მესაკუთრეს შორის, დავით დვალი და ქიბარ ხალვაში, ედავებიან. მესაკუთრეები არ ჩანან, ვინ არიან. სააკაშვილია რეალურად იქ, თუმცა იჩემებს გვარამია. ედავებიან საკუთრებაში და ამას ასაღებენ ისე, რომ, თითქოს, ავიწროვებენ ჟურნალისტებს. რას ნიშნავს ჟურნალისტების სოლიდარობა, რომ, თუ დათო დვალი მოვიდა ტელევიზიაში, კატასტროფა მოხდება და გვარამიამ უნდა მართოს? ეს არის სოლიდარობა?" - ასე განმარტავს ივანიშვილი იმ რეალობას, რასაც, მისივე თქმით, მისი თანაგუნდელები საზღვარგარეთ ვერ აუცხსნიან. ამიტომაც, ის გამოსავალას ხალვაშისთვის ფულის შეთავაზებაში ხედავს.
"არ გაფერმკრთალდეს ის არჩევნები, რომელიც იგეგმება. ისეთივე უნდა იყოს, როგორც ორი არჩევნები ჩატარდა, ევროპული ტიპის და არ გაუჩნდეს ევროპელებს და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს კითხვები, რომ არჩევნები ჩატარდა არადემოკრატიულად. ამ მიზეზით, მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებდი და ვთხოვდი ხალვაშს, იქნებ გაითვალისწინოს ჩემი თხოვნა,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი